ირაკლი ტრიპოლსკი - მოვიდა დრო, რომ მიწა ბიზნესის საგანი გახდეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ტრიპოლსკის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პროექტის ისეთი ვარიანტი მუშავდება, რომელიც პროცესს გაამარტივებს.

"თუკი სახელმწიფო რაიმეს დაირეგისტრირებს, იმ შემთხვევაში დაირეგისტრირებს, რომ შემდეგ თქვენ გადმოგცეთ. თუკი მაგალითად ტელეფონი ჩემი არ არის, ამას მე თქვენ როგორ გაჩუქებთ, ვიდრე ჩემად არ გავხდი?! კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში მთავრობამ შემოიტანა, გაჩერდა. იუსტიციის სამინისტრო ახალ ვარიანტზე მუშაობს – ოთხი დღეა ვსხედვართ და ამაზე ვლაპარაკობთ, თუ როგორ გავუადვილოთ ადამიანებს დარეგისტრირება, ე.წ. აღიარების კომისიას რომ მივცეთ მეტი უფლება, რომ დარეგიტრირება ადვილად მოხდეს. თქვენ რომ რაღაც საბუთი გაქვთ, ახლა ამ ქაღალდს უკან გადმოგიდებენ, გეტყვიან, რომ ხარვეზი გაქვთ და წამოხვალთ უკან. ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ასე არ მოხდეს, საჯარო რეესტრმა ამ თქვენს ქაღალდებს ხელი მოკიდოს და რა ხარვეზიც გაქვთ, თვითონ გაასწოროს, რადგან მოქალაქეებს არქივებში საბუთების ძებნა ასე ადვილად არ შეუძლია", - განაცხადა ირაკლი ტრიპოლსკიმ.

გარდა ამისა, როგორც ტრიპოლსკი აცხადებს, არიან ისეთები, რომლებიც მართლზომიერ საკუთრებაში არსებულ მიწებს იმის გამო არ ირეგისტრირებს, რომ მიწის გადასახადის გადახდა არ სურს.

"მოვიდა დრო, რომ მიწა ბიზნესის საგანი გახდეს – ბანკში ჩადო, თანხა აიღო და სოფლის მეურნეობას მიხედო", - აღნიშნა მან.