"საქნახშირი ჯი-აი-ჯი" - მოხდა კერძო საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა

კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ინფორმაციით, გაფიცულმა მაღაროელებმა კერძო საკუთრება ვანდალურად დაარბიეს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ წუხელ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია შახტის ადმინისტრაციის შენობაში გაფიცული მეშახტეების შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სიტუაცია უკიდურესად" დაძაბული იყო.

"საქნახშირი ჯი-აი-ჯი" ჯგუფის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში. მოხდა კერძო საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.

"საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა" წუხელ მეშახტეებს კანონის ფარგლებში დარჩენისკენაც მოუწოდა, ასევე მიმართვა სამართალდამცველებს, მოეხდინათ დროული და შესაბამისი რეაგირება.

"ჯი-აი-ჯი ჯგუფი მიმართვას ყველა კანონიერ ზომას, რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები", - აღნიშნულია გუშინ ღამით გავრცელებულ განცხადებაში.

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყებოდა, მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობა.

ადგილზე სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. შახტის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

დაახლოებით ერთ საათში გაფიცულმა მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.