გაფიცული მაღაროელები დღეს აქციის განახლებას გეგმავენ

გაფიცული მაღაროელები დღეს აქციის განახლებას გეგმავენ. ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტასთან სიმშვიდეა და მხოლოდ რამდენიმე მაღაროელი იმყოფება, თუმცა აქციის მონაწილეები შეკრებას გეგმავენ.

ადგილზე იმყოფებიან მედიის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

როგორც ცნობილია, ტყიბულში გაფიცული მაღაროელები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ისინი ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობა.

ადგილზე სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. მაღაროს ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

დაახლოებით ერთ საათში გაფიცულმა მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.