საქართველოში დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ურფათ რუსალოვას საბაჟო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები, რის გამოც დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.