გაყალბებული სახელმძღვანელოების რიცხვი შავ ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით,

გამოცემების არსებობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს არღვევენ, მნიშვნელოვანი და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა.

”კონტრაფაქციული გამოცემები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად გადასაჭრელი პრობლემა, რომელიც ამ ეტაპზე გამომცემლებს აწუხებთ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, ავტორებისა და გამომცემლების გარდა, მნიშვნელოვანი ზარალი ადგება სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც შემოსავლების სამსახურისა და პროკურატურის დაუყოვნებელ, გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს”, - აცხადებენ ასოციაციაში.

ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული გამოცემების რაოდენობა შავ ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება, რითიც სერიოზული მატერიალური ზიანი ადგებათ გამომცემლებსა და ავტორებს, უხეშად ირღვევა მათი საგამომცემლო და საავტორო უფლებები. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში რამდენიმე ძირითადი პუნქტი არსებობს, სადაც მიმდინარეობს კონტრაფაქციული გამოცემებით ვაჭრობა, რომელმაც უკვე საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია. ხოლო რეგიონებში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა, რადგან გაყიდული წიგნების უმრავლესობა გაყალბებულია. ”მასშტაბებმა გადააჭარბა 90-იანი წლების ტოტალურ გაყალბებებს”, - აღნიშნავენ ასოციაციაში.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, კონტრაფაქციული გამოცემები, ძირითადად, საგანმანათლებლო ლიტერატურას ეხება, თუმცა, ბოლო წლებია მხატვრული ლიტერატურაც ხშირად ყალბდება.

”საგამომცემლო ბიზნესის არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება”, - აცხადებენ ასოციაციაში.