არჩილ ხაბაძემ ქვემო სილეზიის მარშალთან ერთად ვროცლავის მე-8 ტურისტული გამოფენა გახსნა

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, ქვემო სილეზიის მარშალთან, ცეზარ ფშიბილსკისთან ერთად ვროცლავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, არჩილ ხაბაძემ ორ რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობა შეაფასა, ხაზი გაუსვა ვროცლავის, როგორც განვითარებული ტურისტული რეგიონის გამოცდილებას. ასევე ისაუბრა მომავალ თანამშრომლობაზე და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების, გამოფენისა და ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე.

"პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც აჭარა-ბათუმის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიები ყოველწლიურად ხორციელდება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტურისტული ნაკადი პოლონეთიდან აჭარაში ყოველწლიურად მზარდია. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქვემო სილეზიის მარშალს დღევანდელ გამოფენაზე მოწვევისათვის," - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მარშალმა აჭარის სტენდიც დაათვალიერეს. გახსნის ცერემონიალზე ფოლკლორული ნომრები წარმოადგინეს ანსამბლებმა "ბათუმი" და "ხორუმი".