ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია

ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყნის შიგნით 2016 წლის იანვარში წლიურად 0.7%-ით არის გაზრდილი - ინფორმაციას ამის შესახებ Galt&Taggart ავრცელებს. როგორც ელექტროენერგიის ბაზრის კვლევაშია ნათქვამი, "თელასის" მოხმარება, რომელიც თბილისს და მიმდებარე ტერიტორიას ემსახურება, წლიურად 8.3%-ით არის გაზრდილი.

"თელასის" მოხმარებამ იანვარში განაწილების ლიცენზიანტების მოხმარების 37.1% შეადგინა. რეგიონების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია უმნიშვნელოდ, მხოლოდ 0.5%-ით არის

გაზრდილი. რეგიონებს ელექტროენერგიით უმეტესწილად "ენერგო-პრო ჯორჯია ამარაგებს", რომლის მოხმარების წილმაც განაწილების ლიცენზიანტების მოხმარების 58.6% შეადგინა. 2016 წლის იანვარში მნიშვნელოვნად არის შემცირებული კვალიფიციური საწარმოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია. აღნიშნული კლება, რომელმაც 25.4% შეადგინა, უმეტესწილად "ჯორჯიან მანგანეზის" გამო მოხდა.

კომპანიის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.3%-ით არის შემცირებული. აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარების ტენდენცია კვლავაც მზარდია; იანვარში 7.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. აფხაზეთის რეგიონის მოხმარებამ ქვეყნის შიგნით მოხმარებული ელექტროენერგიის 23.3% შეადგინა. აფხაზეთს ელექტროენერგია ექსკლუზიურად ენგურისა და ვარდნილის ელექტროსადგურებიდან მიეწოდება. იანვარში მარეგულირებელი ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგიის 93.7% აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა.