თხილის ნერგის ფასი ლამის თხილის ფასს გაუტოლდა

შარშანდელთან შედარებით თხილი 52%-ით გაიაფდა

თხილის ნერგი გაძვირდა და ამჟამად ლამის პროდუქტის ფასს გაუტოლდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, სანერგე მეურნეობებში თითო ნერგი 3 ლარად იყიდება, ხოლო 1 კგ თხილის ღირებულება 4,5 ლარის ფარგლებშია. სულ ცოტა ხნის წინ თხილი ერთბაშად 6 ლარამდე გაძვირდა, მაგრამ ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

"როგორც სანერგე მეურნეობებში განმარტავენ, თხილის გაიაფებას მოსახლეობაში უიმედო განწყობა არ გამოუწვევია, რაც ნერგებზე გაზრდილი მოთხოვნითაც დასტურება. ნერგების რეალიზაცია ბოლო წლებში ისედაც აქტიურია, რაც ბოლო წლებში პროდუქციის მზარდ ფასს უკავშირდება. თუმცა წლევანდელმა საბაზრო ტენდენციამ ხალხს იმედი ნამდვილად გაუწბილა. გაძვირების ნაცვლად, რისი იმედიც მოსახლეობას ჰქონდა, თხილი შარშანდელთან შედარებით, 52%-ით გაიაფდა.

როგორც ჩანს, ხალხს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ დაბალი ფასი დიდხანს არ შენარჩუნდება და თხილი სამომავლოდ გაძვირდება. ამიტომაა, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობა მისი მოშენებით ინტერესდება", - წერს გამოცემა.