"მალე ქვეყანა ინჟინრის აღზრდას ვეღარ შეძლებს" - რა ხდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?!

"რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის ბიუჯეტი მხოლოდ 22 მილიონი იყო, დღეს ის 68 მილიონამდეა გაზრდილი, მაგრამ ფინანსების სამჯერ გაზრდა, არც უნივერსიტეტს და არც ლექტორების ხელფასებს დასტყობია"

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩილ ფრანგიშვილი რექტორად მესამედ აირჩიეს, რასაც ლექტორთა ნაწილი აპროტესტებს. რა პირობებში ჩატარდა არჩევნები და ზოგადად, იხარჯება თუ არა ფინანსები უნივერსიტეტში მიზნობრივად, kvirispalitra.ge - სთან სტუ-ს ლექტორი გელა ტყეშელაშვილი საუბრობს:

- არჩილ ფრანგიშვილი სტუ-ს რექტორად უკვე მესამედ აირჩიეს, არადა, კანონი ცალსახად ამბობს, რომ ერთი პირის სამჯერ ერთ პოსტზე არჩევა - დაუშვებელია. მეორე მხრივ, თავად საბჭოს წევრების ნაწილს, რომლებმაც რექტორი აირჩიეს, არჩევნების ჩატარებიდან 13 დღეში უფლებამოსილების ვადა გასდიოდათ. კანონში მითითებულია: "აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ". თუმცა ყველაფერი პირიქით გაკეთდა, მესამედი კი არა, საბჭოს წევრების ნახევარი სამი, ნახევარი კი - ოთხი წლით აირჩიეს. რექტორის არჩევნებში მეც ვმონაწილეობდი, ფრანგიშვილის ერთადერთი კონკურენტი ვიყავი. როგორც კი ჩემი კანდიდატურა წამოვაყენე, ჩემზე ზეწოლა დაიწყო. დეპარტამენტი, რომელსც უნივერსიტეტში მე ვხელმძღვანელობ, აბსოლუტურად იგნორირებული აღმოჩნდა

- ზოგადად რა ვითარებაა დღეს უნივერსიტეტში, რა შეიცვალა არჩილ ფრანგიშვილის რექტორობის პერიოდში?

- კატასტროფული შედეგები გვაქვს - თანდათან მივდივართ იმ კონდიციამდე, როდესაც ქვეყანა ინჟინრის აღზრდას ვეღარ შეძლებს. სახელმწიფო კი, რომლის უნივერსიტეტსაც ერთი ინჟინრის მომზადებაც კი არ შეუძლია, განწირულია, კოლაფსამდე მივალთ. არაფერს ვამბობ თანამშრომლების ხელფასებზე. რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის ბიუჯეტი მხოლოდ 22 მილიონი იყო, დღეს ის 68 მილიონამდეა გაზრდილი, მაგრამ ფინანსების სამჯერ გაზრდა, არც უნივერსიტეტს და არც ლექტორების ხელფასებს დასტყობია.

- გაქვთ კონკრეტული დოკუმენტები, რომ ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება?

- უნივერსიტეტში არაფერი კეთდება, ყოველწლიურად მხოლოდ ოთახებს არემონტებენ, მაგრამ ეს სამუშაოებიც იმდენად უხარისხოდ სრულდება, რომ ყველაფერი ერთ თვეში ფუჭდება. თანამშრომელთა რიცხვიც ხელოვნურადაა გაბერილია. ერთ- ერთ განყოფილებაში 9 თანამშრომელია გაფორმებული, მაგრამ რეალურად მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს, დანარჩენი შვიდი სამსახურშიც კი არ დადის. ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტში არჩილ ფრანგიშვილის მამის საღამო გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტმა დააფინანსა, ასევე ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც უცხოელებიც იყვნენ მოწვეულები. ყველა ხარჯი, მათ შორის, სტუმრების მგზავრობისა და სასტუმროს ჩათვლით, უნივერსიტეტმა დააფინანსა. მსგავსი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ხდება.

- აუდიტი ხომ ყოველწლიურად ამოწმებს თანხებს, თუ უნივერსიტეტში ფინანსური დარღვევებია, ეს შესაბამის დოკუმენტში არ აისახებოდა?

- დიახ აუდიტი ამოწმებს, მაგრამ ეჭვი მაქვს, ისინიც ერთმანეთთან გარიგებულები არიან. ვფიქრობ, აუცილებელია ამით უფრო მაღალი ორგანოები დაინტერესდნენ, რა ხდება დღეს უნივერსიტეტში. გასარკვევია დანამატების საკითხიც. ფრანიგშვილი გაფორმებულია, თიტქოს ის ინგლისურეონვან აუდიტორიაში ლექციებს კითხულობს, თუმცა რეალურად არცერთ გრაფაში მისი ლექციები არასოდეს ჩანიშნულა. ეს ყველაფერი დეტალურადაა გამოსაძიებელი.

რექტორის არჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ მიქაძეც:

- არჩევნები სრული დარღვევებით ჩატარდა. ბლანკზე ბეჭედი არ იყო დარტყმული და არც კონვერტი არსებობდა, რომ ხმის მიცემა ფარული ყოფილიყო. არაფერს ვამბობ ხმის დათვლის პროცეზე, 1800 სტუდენტი ირეოდა, კომისიის წევრები კი, რამდენჯერმე გამოდიოდნენ ხმის დათვლის პროცესისას.

ლექტორების ბრალდებებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურისტი ირაკლი გამისონია პასუხობს:

- ბიუჯეტთან დაკავშირებით კომპოეტენტური არ ვარ, თუმცა არჩევნების საკითხზე ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რექტორის არჩევა გამჭვირვალედ მოხდა და ნებისმიერს ჰქონდა შესაძლებლობა პროცესისთვის თვალ - ყური ედევნებინა. მეტიც, უმნიშვნელო დარღვევებიც კი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება რექტორის მესამედ არჩევას, კანონმდებლობაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ტექნიკური უნიევრსიტეტის სამართლებრივი ფორმა შეიცვალა. თუ ადრე უნივერსიტეტი აიპი იყო, დღეს ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს. შესაბამისად, ახალი რეალობა აბათილებს ყველა იმ ნიუანსს, რაზეც უნივერსიტეტის ლექტორები საუბრობენ. ეს საკითხი განათლების სამინისტრომაც შეისწავლა. არც საბჭოს წევრების მიმართ ბრალდებაა გამართლებული, რადგან ყველა მათგანი კანონიერად აირჩა. პირადად მეც, საბჭოს წევრი ვარ და ეს ნიუანსები კარგად ვიცი. ამიტომ კარგი იქნება, თუ მსგავსი ბრალდებებისგან ლექტორები თავს შეიკავებენ. მათი ბრალდებები არ არის იმ ხარისხის, რომ არჩევნების შედეგების გაუქმება გამოიწვიოს.

ქეთი ქოქრაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი:

- რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ბიუჯეტი მზარდია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა -რის ხარჯზე იზრდება ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტი. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სტუ-ში საფალკუტეტო ბიუჯეტებია, რომლებიც საკუთარ თანხებსთავადვე განკარგავენ - ფაკულტეტების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რაში უნდა დაიხარჯოს მათი შემოსავალი. ჩვენი პრიორიტეტი კი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. არაერთი მნიშვნელოვანი ლაბორატორია გაკეთდა, რომლებიც პირველ რიგში, სტუდენტებსა და მეცნიერებს ხმარდება. მათ შორის, სამშენებლო და კრიმინალისტიკის ლაბორატორიებიც, რომელიც თავისი მნიშვნელობით კავკასიის მასშტაბით პირველია. აქვე უნდა აღინიშნოს ფიზიკის ლაბორატორიაც, სადაც სკოლის მოსწავლეებიც გარკვეული ტიპის პრაქტიკულ უნარებს იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წლის ბიუჯეტში სტუდენტებიდან შემოსული თანხა 530 439 ლარით შემცირდა, მაგრამ უნივერსიტეტის ბიუჯეტი კონკრეტული პროგრამული დაფინანსების ხარჯზე გაიზარდა. სახელმწიფომ სტუ-ს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 11 მილიონი ლარით მეტი გამოყო, რაც ბუნებრივია, ხელფასებზე ვერ გადანაწილდება. მიზნობრივი თანხა გვაქვს გათვალისწინებული სტუდენტების სტიპენდიებისთვისაც. თანაც, უნივერსიტეტის ბაზაზეა 13 კვლევითი ინსტიტუტიც, რომელთა დაფინანსებისთვის 5 მილიონია გათვალისწინებული. ბოლო წლებში ლექტორების ხელფასები ეტაპობრივად იზრდება, თანაც გელა ტყეშელაშვილი დეპარტამენტის ხელმძღავნელია და თანამდებობიდან გამომდინარე დანამატსაც იღებს. რაც შეეხება შტატებს, ადმინისტრაციას 378 თანამშრომელი ჰყავს და არა 600 როგორც ეს საჯაროდ გახმაურდა. აქედან, სტუდენტური კულტურისა და სპორტის ცენტრს, ასევე პროფესიული განვითარებისა და ცენტრალური ბიბილიოთეკის თანამშრომლებს ადმინისტრაციის საქმიანობასთან კავშირი არ აქვთ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

წყარო: "კვირის პალიტრა"