კონსორციუმი SU MARKETS საქართველოში შემოსვლას გეგმავს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. დავით საგანელიძე შეხვედრებს მართავს საბანკო-საფინანსო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, რომელსაც საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესწრება.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალური შეხვედრები რუმინეთის ლოჯისტიკის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან და სოფლის მეურნეობის სექტორში წამყვან რუმინულ კომპანიებთან გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

დავით საგანელიძემ რუმინეთში სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერა და რუმინულ-თურქული კომპანიის SU MARKETS-ის მენეჯმენტს შეხვდა. უცხოური კომპანია საქართველოში ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა SU MARKETS-თან თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების პოტენციური საინვესტიციო პროექტი განიხილეს. თურქულ-რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. SU MARKETS ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. წამყვანი რუმინული კომპანიები საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებული.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთში ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის წამყვან სპეციალისტებს შეხვდა. დავით საგანელიძე რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ პონტას, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დანიელ კონსტანტინის და ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონალური პროექტების ყოფილ მინისტრს ევგენი თეოდოროვიჩს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და სოფლის მეურნეობის დარგში პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილეს.