"ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირში ვიზების გაუქმების შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება მალე იქნება"

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირში ვიზების გაუქმების შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება მალე იქნება,

- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - რა ეტაპზეა საქართველო ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ქართული მხარე რეგულაციის ოფიციალურ ცვლილებას ელოდება.

"ვიზალიბერალიზაცია მოითხოვს შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას. კომისიამ უნდა მოახდინოს აღნიშნული ცვლილების ინიცირება და შემდეგ უკვე მოხდება მისი განხილვა, როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე პარლამენტში. ვიმედოვნებთ, ეს განხილვები მალე დასრულდება და საქართველო მიიღებს ტექნიკურ პროგრესსა და პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად პოლიტიკურ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ძალიან მალე, რაც ნიშნავს დროებითი ვიზიტებისთვის ევროკავშირში ვიზების გაუქმებას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.