კახა კალაძე ბაქოში გაემგზავრა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე გაემგზავრა.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისიტროში აცხადებენ, მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას, ასევე, ტანაპ-ისა და ტაპ-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს, დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად მიიღოს.

მინისტერიალს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნის. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები BP-ის წარმომადგენლებთან, აშშ-ის დელეგაციასთან და "სოკარის" ხელმძღვანელობასთან. მინისტერიალი ერთდღიანია და ვიცე-პრემიერი საქართველოში დღესვე დაბრუნდება.