ლეონარდო დიკაპრიომ "ოსკარი" მიიღო

ლოს ანჯელესში "ოსკარის" დაჯილდოების 88-ე ცერემონია გაიმართა.

დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი".

"რევენანტმა" მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვა და ჯამში 12 ნომინაციიდან 3 ნომინაციაში მიიღო "ოსკარი", ხოლო "შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა პრაქტიკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში და ექვსი "ოსკარი" მიიღო.

რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს: წლის ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა "ყურადღების ცენტრში", წლის რეჟისორის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა "რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ, წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება ერგო ლეონარდო დიკაპრიოს ფილმისთვის "რევენანტი", წლის მსახიობი ქალისთვის კი პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის "ოთახი".

სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც "თავდაყირა"-მ მოიპოვა მთავარი პრიზი. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში უნგრულმა ფილმმა "საულის ვაჟმა" გაიმარჯვა, ხოლო წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს "ჯეიმს ბონდის" ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის, ხოლო წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.