გაერო სირიაში 150 000 ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას გეგმავს

გაერო სირიაში, ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე მყოფი 150 000 ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში გეგმავს. "ბიბისის" ცნობით, გაერო-ს ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცა, რაც ქვეყანაში შაბათს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების განმავლობაში გაერო სულ 1,7 მილიონი ადამიანის დახმარებას აპირებს მარტის ბოლომდე. ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში იგეგმება საკვების, წყლისა და საჭირო მედიკამენტების ჩატანა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდა. სირიის მთავრობა და ოპოზიციური ძალები კმაყოფილები არიან მიღწეულით.

მსოფლიოს ლიდერები 12 თებერვალს შეთანხმდნენ სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტა ეხება მხოლოდ სირიის მთავრობას და ამბოხებულებს, ხოლო მესამე ძალა - "ისლამური სახელმწიფო" და "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ორგანიზაცია "ნუსრას ფრონტი" ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობდნენ.