თუკი "ბილაინი" "კავკასუს ონლაინს" შეიძენს, ინტერნეტზე არსებული ტარიფები საგრძნობლად შემცირდება

ბოლო პერიოდში "კავკასუს ონლაინის" ირგვლივ არაერთხელ დაიწერა და არაერთი რამ ითქვა. მის შეძენას ჯერ "სილქნეტი" გეგმავდა, შემდეგ "მაგთიკომი", თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა, მფლობელები კი მისი გაყიდვით აქტიურად იყვნენ დაინტერესებული. "კავკასუსის" შეძენის სურვილი ახლა უკვე "ბილაინმა" გამოთქვა და ამასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიაში სხდომაც გაიმართა. შემდეგი სხდომა 10 მარტს დაიგეგმა, სადაც, შესაძლოა, გადაწყდეს "კავკასუს ონლაინის" ბედი და შესაბამისად ქვეყანაშიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგებაც შედგება. რატომ გადაწყვიტა "ბილაინმა" "კავკასუს ონლაინის" შეძენა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, შემცირდება თუ არა ინტერნეტზე ტარიფები, რა სქემით შემოდის ინტერნეტი საქართველოში და რა სიტუაციაა ამჟამად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით "ბანკები და ფინანსებს", კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი, გიორგი ტყეშელაშვილი ესაუბრა.

- როგორც ცნობილია, "ბილაინი" გეგმავს "კავკასუს ონლაინის" შეძენას, კონკრეტულად რა აქტივის შეძენაზეა საუბარი, რატომ გადაწყვიტეთ მისი ყიდვა და რა გეგმები გაქვთ ინტერნეტბაზარზე?

- ჩვენ გადავწყვიტეთ შევიძინოთ "კავკასუს ონლაინის" საცალო ბიზნესი, ანუ მომხმარებლებისათვის ინტერნეტის, ტელეფონის და IP ტელევიზიის მიწოდების სერვისი. ჩვენ სხვა დაინტერესება "კავკასუს ონლაინთან" მიმართებაში არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მარეგულირებელ კომისიაში შეტანილი გვაქვს განაცხადი "ბილაინის" მიერ "კავკასუს ონლაინის" ყიდვასთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია, რომ საუბარია საცალო ქსელის შეძენაზე. ამ განაცხადის მიხედვით, "კავკასუს ონლაინის" აქტივები უნდა გაიყოს ორ ნაწილად. თუ არაფერმა შეუშალა ხელი ამ გარიგებას, ჩვენ ვგეგმავთ ვიყიდოთ საცალო ქსელი, ხოლო მაგისტრალური კაბელი, დარჩება დღევანდელი მესაკუთრეების მფლობელობაში.

"კავკასუს ონლაინი" ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოს ოთხ ქალაქში, ესენია: თბილისი, ზუგდიდი, ფოთი და რუსთავი და მას ყავს 155 ათასი მომხმარებელი. ჩვენ გვაინტერესებს ინტერნეტ ბიზნესში შესვლა იმიტომ, რომ ვხედავთ დღითიდღე როგორ იზრდება მოთხოვნა ინტერნეტზე. "ბილაინს" საქართველოში დანერგილი აქვს, ჩემი აზრით, საუკეთესო მეოთხე თაობის ინტერნეტი და ვხედავთ როგორ იზრდება ინტერნეტ ტრაფიკი, ზოგადად მოთხოვნა მეოთხე თაობის ინტერნეტზე. შესაბამისად, იგივე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფიქსირებულ ინტერნეტზეც ძალიან მაღალი მოთხოვნაა. გვინდა შევიდეთ ამ ბაზარზე და მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო დივერსიფიცირებული შეთავაზებები.

"ბილაინის" მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებელი იქნება იმაში, რომ მათ შეეძლებათ ამ ოთხ ქალაქში IP ტელევიზიის, სახლის ტელეფონის და ინტერნეტ მომსახურების მიღება შეღავათიან ფასად, ხოლო "კავკასუს ონლაინის" მომხმარებლებისთვის იქნება დამატებითი სტიმული, რომ მიიღონ მობილური კავშირგაბმულობისა და მობილური ინტერნეტის სერვისი. შესაბამისად, ორივე კომპანიის მომხმარებელი დამატებით სერვისებს მიიღებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად ვიდრე დღეს ყიდულობს.

"ბილაინის" პოლიტიკაა, რომ მომხმარებლისთვის ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რამდენადაც მობილურ კავშირგაბმულობაზე აქვს "ბილაინს" დაბალი ფასები, იგივენაირად საინტერესო წინადადებები იქნება "კავკასუს ონლაინის" აბონენტებისთვისაც. ვთვლი, რომ პირველ რიგში ქვეყანას წაადგება ეს გაერთიანება.

როდესაც დამთავრდება გარიგება, გარდა არსებული 4 ქალაქისა, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ კიდევ 10 ქალაქში შევიდეს "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტი. მაგალითად, ქუთაისში, გორში, მარნეულში და ასე შემდეგ. გვსურს ქვეყანაში გავზარდოთ ინტერნეტში შეღწევადობის ხარისხი, ავამაღლოთ ინტერნეტის მოხმარების დონე და შევამციროთ არსებული ტარიფები.

- რატომ გადაწყვიტეთ შეგესყიდათ მხოლოდ საცალო ქსელი და არა შავ ზღაში არსებული მაგისტრალური კაბელი, ან ხომ არ გეგმავთ მის შესყიდვასაც უახლოეს მომავალში?

- არ დავინტერესებულვართ შავ ზღვაში არსებული კაბელით იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ბიზნესი. ჩვენ არ ვიცით საბითუმოდ, დიდი მოცულობების, ინტერნეტის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესის სპეციფიკა. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ფიქსირებულ მომხმარებლებზე და არა იმაზე, რომ ვიყიდოთ უზარმაზარი მოცულობის ინტერნეტი და შემდეგ გავყიდოთ ის სხვა ქვეყანაში. ეს არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, შესაბამისად არ გამოგვითქვამს სურვილი და არც მომავალში ვაპირებთ შავ ზღვაში არსებული კაბელის შეძენას.

- ხშირად ისმის კრიტიკა იმის თაობაზე, რომ თუკი "ბილაინი" იყიდის "კავკასუს ონლაინს", მაშინ ინტერნეტი რუსული კომპანიის და რუსეთის ხელში გადავა, რაც საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის, რა კომენტარს გააკეთებდით კრიტიკოსების საპასუხოდ?

- ძალიან სამწუაროა, რომ ასეთ არაპროფესიონალურ და არაკვალიფიციურ პოზიციებს აფიქსირებენ ადამიანები და პრინციპში მე ვიცი რატომაც ხდება ეს.

მას შემდეგ რაც "ბილიანის" და "კავკასუსის" გარიგება შედგება ეს იქნება ძალიან ძლიერი კომპანია და ამ გარიგებიდან მალევე გახდება ნომერ პირველი მოთამაშე ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენს კონკურენტებს ეს მაინცდამაინც ხელს არ აძლევს და მათში გარკვეულ შიშს იწვევს.

გამოქვეყნებული იყო ჩვენი კონკურენტების მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და მე პირველ რიგში სწორედ ამას ვუკავშირებ ყველაფერს.

გარდა ამისა, არის ზოგიერთი სხვა ჯგუფი, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აყვა კრიტიკულ გამონათქვამებს. ამ ყველაფერში ვხედავ კონკურენტების მხრიდან გარიგების ჩაშლის სურვილს, გარკვული პირები კი ცდილობენ თავის წარმოჩენას.

იხილეთ გაგრძელება

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"

ესაუბრა გიორგი კაპანაძე