თემურ გრიგალაშვილი - მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები შედგენილია არაკვალიფიციურად და ზერელედ

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" წევრის თემურ გრიგალაშვილის შეფასებით, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები შედგენილია არაკვალიფიციურად და ზერელედ.

თემურ გრიგალაშვილმა დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა, სადაც თბილისის მერიის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოცხადებულ სამ ტენდერზე ისაუბრა, რომელთა საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს.

"გასული წლის მსგავსად მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები შედგენილია არაკვალიფიციურად და ზერელედ. შედეგად ისევ მივიღებთ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, ჩავარდნილ პროექტებსა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს. ყოველივეს ადასტურებს ტენდერების შედეგები.

მაგალითისთვის გამოცხადებულ 6 მილიონის ოდენობის ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ფასმა დაახლოებით 1 მილიონით დაიკლო და ხელშეკრულებაც 5.049.999 ლარზე გაფორმდა, რაც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის არაკომპეტენტურობის ნათელი დადასტურებაა. ანუ სამსახურმა წინასწარ ვერ დათვალა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა და მათი სავარაუდო ღირებულება", - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ანალოგიური მდგომარეობაა ორ 4 მილიონიან ტენდერშიც, სადაც ფასებმა ერთ შემთხვევაში 700.000, ხოლო მეორე შემთხვევაში 800.000 ლარით დაიკლო.

"ამასთანავე, სამივე ტენდერში ტექნიკური ბაზის მოთხოვნები იდენტურია. მოთხოვნილია ერთდროულად ოთხ მისამართზე მუშაობა, მაშინ როდესაც მერიის მიერ ტექნიკური ბაზის მოთხოვნების ჩამონათვალში მხოლოდ 2 ასფალტოდამგებია მითითებული. 6-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა და ხელშეკრულება გაფორმდა "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიასთან". იგივე კომპანია, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 4-მილიონიან ტენდერში, თუმცა მერიის მიერ დისკვალიფიცირებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო", - განმარტა თემურ გრიგალაშვილმა.

მისივე შეფასებით, ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ანალოგიური დოკუმენტაცია "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 6-მილიონიან ტენდერში წარადგინა, ხოლო 4-მილიონიან ტენდერში – არა.

"აუცილებლად მიგვაჩნია სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დადგინდეს, ხომ არ განხორციელდა მერიის მხრიდან ზეწოლა "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაზე", რათა მას გამარჯვება ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტისთვის დაეთმო. მომდევნო პრეტენდენტია კომპანია "ენკო", რომლის მფლობელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტარიელ ხიზანეიშვილია. როგორც ცნობილია, სწორედ მის მიერ მიცემული ჩვენების გამო, დღეს პატიმრობაში იმყოფება თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე და აღმოფხვრან თბილისის მერიაში არსებული სატენდერო ბაკქანალია", - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.