"დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის" პროექტის მესამე ეტაპი იწყება

"დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის" პროექტის მესამე ეტაპი იწყება. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა.

სამინისტრომ იპოთეკური სესხი 23 დევნილ ოჯახს დაუფარა. პროექტის პირველ ეტაპზე კი, სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფინანსდა.

უწყების ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, სამინისტრომ იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების მოთხოვნა გაითვალისწინა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

"მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება პროექტის მესამე ეტაპი და განაცხადების მიღება 31 მარტამდე გაგრძელდება. 2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით 1 000 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

პროექტის მესამე ეტაპზე, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი", - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი - ვაჟა-ფშაველას ქ. N16; ზუგდიდი - რუსთაველის ქ.87 ; ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27; გორი - შმაგის ქ.1.