შვეიცარიაში ამომრჩევლებმა უცხოელების ქვეყნიდან დეპორტაციის შესახებ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

შვეიცარიაში ამომრჩევლებმა მხარი არ დაუჭირეს უცხოელების ქვეყნიდან დეპორტაციის შესახებ მემარჯვენე ფრთის ინიციატივას. "ევრონიუსის" ცნობით, რეფერენდუმის შედეგებით ირკვევა, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა 58.9 პროცენტი ავტომატური დეპორტაციის წინააღმდეგი გამოვიდა. რეფერენდუმზე აქტივობამ 62 პროცენტი შეადგინა, იგი ყველაზე მასშტაბური რეფერენდუმი იყო შვეიცარიაში 1992 წლის შემდეგ.

"დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო, რომელმაც განამტკიცა შვეიცარიაში კანონის უზენაესობა. ჩვენ არ გაგვიძლიერებია კანონის უზენაესობა შვეიცარიაში, ეს ამომრჩეველმა გააკეთა", - განაცხადა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრმა, სიმონეტა სომარუგამ.

რეფერენდუმი მკვლელობის, გაუპატიურების, ქურდობის, ძარცვისა და კიდევ რამდენიმე მუხლით ბრალდებული უცხოელების ავტომატურად დეპორტირებას ეხებოდა. ამ ინიციატივით "შვეიცარიის სახალხო პარტია" გამოვიდა, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების მესამედს იკავებს. აღნიშნულმა პარტიამ 100 000 ხელმოწერა მოაგროვა იმისათვის, რომ ამ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარებულიყო.

აქტივისტების და ბიზნესლიდერების დიდი ნაწილი ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა, ვინაიდან მათი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დარღვევას და ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევდა ევროკავშირთან, რომელიც შვეიცარიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.