იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იაკუბლოს წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა და შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის შემდეგ, შესაძლებელი გახდება მისი სრული დატვირთვა და უსაფრთხო ფუნქციონირება.

"იაკუბლოს წყალსაცავი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს. ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას.

წყალსაცავი 3000 ჰექტარი მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით, ხოლო მთისძირისა და პანტიანის წყალსაცავებთან ერთად ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის, საერთო ჯამში 8 000 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფას ემსახურება", -აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.