ტყიბულის მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტი ინდუსტრიულ ქალაქებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ტყიბულის მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტი ინდუსტრიულ ქალაქებს გვერდით დგომისკენ მოუწოდებს. საგაფიცვო კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მაღაროს გარკვეული უბნების კონსერვაციით იმუქრება, პარალელურად კი გაძლიერდა ზეწოლა მაღაროელებსა და მათ მხარდამჭერებზე.

"ტყიბულის გაფიცვის მონაწილეებს გვსურს კიდევ ერთხელ მივმართოთ საზოგადოებას ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ. უკვე მეჩვიდმეტე დღეა, გაფიცვა გრძელდება. კომპანია კვლავ არ მიდის დათმობაზე. მეტიც, ის გვემუქრება მაღაროს გარკვეული უბნების კონსერვაციით, სახელმწიფო კი კვლავ ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს სიტუაციის გამოსასწორებლად. გაძლიერდა ზეწოლა როგორც მაღაროელებზე, ისე ქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს გაფიცულებს.

მივმართავთ ჭიათურას, ზესტაფონს, ქსანს, რუსთავს, სხვა ინდუსტრიულ ქალაქებს და მთელ საქართველოს. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა მაღაროელების გვერდით დგომა. უმორჩილესად გთხოვთ, რეგულარულად გააკეთოთ გაფიცვის მონაწილეთა მოთხოვნების მხარდამჭერი განცხადებები, გამართოთ სოლიდარობის აქციები თქვენს ქალაქებში. ჩვენ, ტყიბულის მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტი და მთლიანად, გაფიცული მაღაროელები არ ვაპირებთ უკან დახევას. თითქმის ყოველდღე იმართება მოლაპარაკებები, რომლებიც არ სრულდება არავითარი შედეგით. შეგახსენებთ, რომ ის 40%, რასაც გაფიცულები ვითხოვთ, მინიმუმია ხალხისთვის, კომპანიისთვის კი მაქსიმუმი კვლავ 5%-ს შეადგენს.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, თავიდან აგვეცილებინა სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, თუმცა, მიმდინარე პროცესები არ გვაძლევს საშუალებას, მშვიდად შევხედოთ ამ მდგომარეობას. თუ მთავრობას არ უნდა მიიღოს სოციალური აფეთქება, გადადგან რეალური და ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ორიენტირებული იქნება მეშახტეების, მშრომელი ხალხის სამართლიან მოთხოვნებზე და არა ბიზნესის ინტერესებზე.

ტყიბულელების ბრძოლა არ დაწყებულა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის თუ პოლიტიკური ძალის მიერ, მათ შორის, არც პროფკავშირების მიერ. ეს ბრძოლა ამოიზარდა პატიოსანი მშრომელი ხალხის შუაგულიდან, მონური პირობებიდან გათავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების იმედის საფუძველზე. ეს ხალხის მოძრაობაა და ჩვენ არავის მივცემთ ამ პროცესების გამოყენების უფლებას პარტიული მანიპულაციებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ტყიბულისთვის, ნიშნავს ბრძოლას დანარჩენი საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისათვის. ამ ბრძოლით დღეს წყდება იმ ქალაქების ბედი, რომლებიც მშრომელი ხალხის ზურგზე დგას. ტყიბულის დამარცხება ყოველი ჩვენგანის დამარცხებაა, გამარჯვება კი მხოლოდ ერთობლივი ბრძოლით მიიღწევა.

ტყიბულის მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტი ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ისტორიული ფრონტის წინა ხაზზე ღირსებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით ნორმად ქცეული ჩაგვრის წინააღმდეგ, რაც ჩვენი და ჩვენი თანაქალაქელების ყოველდღიურობაა. ამით, ჩვენ ვამარცხებთ მოჩვენებით სიმშვიდეს, რომელიც მაღაროელთა ხმამ დაარღვია, რადგან სიმშვიდე არ მიიღწევა იქამდე, სანამ არ დამყარდება სამართლიანობა", - ნათქვამია ტყიბულის მაღაროელთა საგაფიცვო კომიტეტის განცხადებაში.