DB11 - ყველაზე სპორტული ბრიტანელის ფოტოები გავრცელდა

ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Aston Martin საფლაგმანო მოდელს DB11-ს ჟენევის ავტოშოუზე ოფიციალურად წარმოადგენს.

თუმცა მისი არაოფიციალური ფოტოები რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინტერნეტში, უფრო კონკრეტულად კი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ავტომობილი, რომელიც მწარმოებლის სამოდელო გამაში DB9-ის მემკვიდრედ ითვლება, აქამდე გასაიდუმლოებული იყო და მისი ჩვენება მხოლოდ კონკრეტული ვიწრო წრისთვის მოეწყო. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს შორის იყო ლუკ გილბერტსონიც, რომელმაც სიახლეს ფოტო გადაუღო და საკუთარ გვერდზე განათავსა. ამის შემდეგ კი კომპანიამ გადაწყვიტა ავტომობილის რამდენიმე ოფიციალური ფოტოც გაევრცელებინა.

რაც შეეხება სიახლის მახასიათებლებს, უკვე ცნობილია, რომ ის მიიღებს საკუთარ V12 ძრავს, ხოლო მოგვიანებით AMG V8-საც. გარეგნულად DB11 წინამორბედისგან შესამჩნევად განსხვავდება, თუმცა რა თქმა უნდა, შენარჩუნებული აქვს კომპანიისთვის დამახასიათებელი შტრიხები. ვიზუალურად ის მაინც უფრო ახლოსაა კომპანიის მიერ ადრე შექმნილ კონცეპტებთან, როგორებიც იყო DBX და CC100.

ეს ავტომობილი დაიკავებს უმაღლეს საფეხურს კომპანიის სამოდელო გამაში და დაუდებს საფუძველს კომპანიის სხვა მოდელების განახლებას, რომელიც მომდევნო წლებში იგეგმება. სიახლის გაყიდვები გვიან შემოდგომამდე არ დაიწყება და ამ დროისთვის უცნობია ასევე მისი ზუსტი ღირებულებაც, თუმცა სავარაუდოდ, ფასი 200 ათასი დოლარის ფარგლებში იქნება.

კოკა კვირკველია