"თიბისი კაპიტალის" მმართველ დირექტორებად ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშვილი დასახელდა

"თიბისი კაპიტალის" მმართველ დირექტორებად ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშვილი დასახელდა. როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, ისინი ერთად გაუძღვებიან "თიბისი ბანკის" საინვესტიციო საბანკო მიმართულებას, რომელიც ბაზარს სთავაზობს კორპორატიულ კონსულტაციებს, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას საქართველოში.

მათივე ინფორმაციით, ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშილი გამოცდილი პროფესიონალები არიან; თითოეულ მათგანს ლონდონისა და ჰონ კონგის საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.

"ავთანდილ გიგინეიშვილი ლონდონში Jefferies International-ის მმართველი დირექტორი და აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. თავდაპირველად ის კომპანიაში იმ გუნდის წამყვანი წევრი იყო, რომელმაც შექმნა წარმატებული ბიზნესი, ბიზნესი, რომელიც მართავდა ევროპისა და აშშ-ის ინსტიტუციური და საცალო სეგმენტის კლიენტების 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს. მოგვიანებით ავთანდილი ამ გუნდის ლიდერი გახდა. დაახლოებით 20 წლიანი კარიერის მანძილზე მას მოუწია ემუშავა რამდენიმე ბაზრისთვის ძალიან კრიტიკულ პერიოდში და ჩართული იყო ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების ნულიდან დაწყების ყველა ასპექტში. კიდევ უფრო ადრე კი ავთანდილ გიგინეიშვილი Jefferies International-ში კვლევით ანალიტიკოსად მუშაობდა და მის ფუნქციებში საერთაშორისო კონვერტირებადი ობლიგაციების კვლევა და სხვადასხვა სავაჭრო გარიგებაზე იდეების გენერირება შედიოდა. ავთანდილ გიგინეიშვილი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ტულანის უნივერსიტეტიდან (ნიუ ორლეანი, ლუიზიანა). ის, ასევე, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ელექტროინჟინერიაში", - აცხადებენ "თიბისი" ბანკში.

მათივე ინფორმაციით, ვიდრე "თიბისი კაპიტალის" გუნდს შემოუერთდებოდა, ლევან შანიძე იყო ჰონ კონგში Silverhorn Investment Advisors-ის მმართველი დირექტორი და მართავდა წამყვან მაკროფონდს.

"ლევანის კარიერაში აქტივების მართვას წინ უსწრებდა სხვადასხვა პოზიცია კაპიტალის ბაზრების სფეროში, ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Nomura, Lehman Brothers, JP Morgan da Jardine Flemings. მის ფუნქციებში შედიოდა კერძო კაპიტალის დერივატივების ბიზნესის შექმნა, ინდოეთის კაპიტალის ბაზრებით ვაჭრობის ხელმძღვანელობა, კერძო კაპიტალით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე. ლევანი ფლობს საიმონის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ფინანსებისა და კორპორატიული აღრიცხვის მიმართულებით. ამასთანავე, ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოფიზიკაში.

"თიბისი კაპიტალის" მიზანია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და დაეხმაროს ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში, ამასთანავე, ადგილობრივ კომპანიებს გაუხსნას გზა დაფინანსების დამატებითი ფორმებისკენ, სადაც დღეს ტრადიციული საბანკო სესხები დომინირებს", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თიბისი კაპიტალი" 1999 წელს დაარსდა და საქართველოს ბაზრის შესაბამის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს. მისი მშობელი კომპანია, "თიბისი ბანკი" არის საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის აქციებიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: TBCB LI).