კახეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა

კახეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით,, კახეთის არასამეწარმეო იურიდიულ პირებში“ დასაქმებულთა რაოდენობა 2 წლის განმავლობაში 895 ერთეულით გაიზარდა. შედეგად, ხელფასებზე გასაწევმა საბიუჯეტო ხარჯმა ყოველთვიურად 369 ათასი ლარით, წლიურად კი 4 430 000 ლარით მოიმატა.

,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, 2014 წლის მდგომარეობით, კახეთის მუნიციპალიტეტებში 91 ა(ა)იპ ფუნქციონირებდა. 2016 წლის იანვრის მონაცემებით კი მათი რაოდენობა 93-ია.

თელავის თემისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების რაოდენობა 17-დან 21-მდე, დასაქმებულთა რაოდენობა 273 საშტატო ერთეულით, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ხარჯი 118 ათასი ლარით გაიზარდა;

თელავის გარდა, 2014 წლის არჩევნების შემდგომ, 2 ახალი ა(ა)იპ დაფუძნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში - “სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა” და “სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანება.”

,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” კვლევის თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების: “კულტურის ცენტრი”, “საბიბლიოთეკო გაერთიანება” და “ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის” რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი”, შესაბამისად, ა(ა)იპ-ების რაოდენობა

2 ერთეულით შემცირდა; 2 ერთეულით შემცირდა ა(ა)იპ-ების რაოდენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც.

რაც შეეხება ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს, ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, მათი რაოდენობა არცერთ მუნიციპალიტეტში არ შემცირებულა.