შვეიცარიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულებას მიესალმებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურჰგალტერს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA) და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რაც თავის მხრივ, საქართველოში გაზრდის ევროპის აღნიშნული სახელმწიფოებიდან ინვესტიციების მოცულობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის შვეიცარიის კონფედერაციასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.

"შვეიცარიის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრირებული ბაზარი და ვაჭრობის მეტი მოცულობა ამ ქვეყანასთან გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ასევე ორმხრივ თანამშრომლობას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შვეიცარიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შვეიცარიის კონფედერაცია მზად არის ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

"მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები EFTA-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს განამტკიცებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ახლა მთავარია მისი იმპლემენტაცია, შვეიცარიის კონფედერაცია მზად არის დაეხმაროს საქართველოს შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური თუ ექსპერტული ნაწილით. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაში", - განაცხადა დიდიე ბურჰალტერმა.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალ სავაჭრო ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მხარეები დოკუმენტის ტექსტზე საბოლოოდ შეჯერდნენ, რის შემდეგაც შეთანხმებას ხელი მოეწერება.

შვეიცარიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას 2016-2018 წლის პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ასპარეზზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.