ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის მშენებლობა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დაიწყება

ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP) მშენებლობა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დაიწყება, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პროექტის მმართველმა დირექტორმა იან ბრედშოუმ ბაქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ საბერძნეთში. საბერძნეთმა უზრუნველყო საჭირო პირობები პროექტის წარმატებით დაწყებისთვის", - აღნიშნა ბრედშოუმ.

ტრანს-ადრიატიკის 878 კილომეტრიანი გაზსადენი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს. იგი აზერბაიჯანული გაზის სამხრეთ იტალიაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სამხრეთ კავკასიის გაზსადენი საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიას გაივლის.