იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 37.6 მლნ ლარით გაიზარდა

იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 37.6 მლნ ლარით გაიზარდა და 329.7 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის იანვრის "თვის მიმოხილვაში".

სებ-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 152.8 მლნ ლარით (2.8 %-ით) შემცირდა და 5.39 მლრდ ლარს გაუტოლდა. კლების დიდი წილი იურიდიული პირების გრძელვადიან სესხებზე მოდის.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 9.7 მლნ აშშ დოლარით (0.2 %-ით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.5 %-ს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 82.9 % გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება ძირითადად იურიდიული პირების მოკლევადიანი დაკრედიტების კლებით იყო გამოწვეული.

ეროვნული ბანკის ცნობით, იანვრში ვადაგადაცილებული სესხები 37.6 მლნ ლარით გაიზარდა და 329.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.0 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 45.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.6 %-ს გაუტოლდა.

სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის იანვარში 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 16.8 პროცენტი დაფიქსირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 10.5 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 1.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 22.4 პროცენტი დაფიქსირდა.

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 1.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 26.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 14.0 პროცენტი შეადგინა.

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 10.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.0 პროცენტი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 2015 წლის იანვართან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 3.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.4 შეადგინა.