კახა კალაძე მზად არის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მზად არის პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.

ასე გამოეხმაურა კახა კალაძე საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, რომლებიც რამდენიმე თვეა ენერგეტიკის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ და "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ღია საკომიტეტო მოსმენის გამართავს მოითხოვენ.

"არანაირი პრობლემა არ არის. როგორც კი თავისუფალი დრო გამოინახება, უპრობლემოდ, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, კომიტეტზე იქნება ალბათ, განხილვა. ზოგადად, გავაცნობთ ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებს, რა პროექტები განვახორციელეთ ამ სამი წლის განმავლობაში, რას ვგეგმავთ და თუ რაიმე კითხვა იქნება, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იქნება მათზე ამომწურავი პასუხი გაცემული", - განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე თვეა რაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კახა კალაძის პარლამენტში მისვლას და "გაზპრომთან" დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.