"საქსტატს" შვედი სტატისტიკოსები ესტუმრნენ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, "საქსტატს" შვედი სტატისტიკოსების ორი მისია ეწვია.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, შვედი სტატისტიკოსები ერთი კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად ორი მიმართულებით იმუშავებენ. ერთი მიმართულება შეეხება ადგილობრივი შინამეურნეობების ტურიზმისა და უცხოელ ვიზიტორთა კვლევების მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის საკითხებს. შვედი კოლეგები ქართველ სტატისტიკოსებს აღნიშნულ სფეროში თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

მათივე ინფორმაციით, შვედეთის სტატისტიკის ექსპერტების მეორე ჯგუფის შეხვედრები სტატისტიკური მონაცემების კონფიდენციალურობასა და მიკრომონაცემთა გავრცელებას შეეხება.

შვედი ექსპერტები მონაცემთა გავრცელებისა და სტატისტიკურ უწყებებში კონფიდენციალურ მონაცემთა გამჟღავნების კონტროლისა და მართვის საკითხებზე ტრენინგს ჩაატარებენ.

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მაია გუნცაძის განცხადებით, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და მიკრომონაცემთა გავრცელების საკითხში პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება, მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა მნიშვნელოვანია სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების, დამუშავების და გავრცელების პროცესში.

"საქსტატსა" და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა "საქსტატს" ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.