თეა წულუკიანი - სრულდება პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს მარტივად დაირეგისტრიროს მიწა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მოქმედ 400-მდე კერძო საამზომველო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საამზომველო საქმიანობის რეგულირების წესის შემუშავებაში კერძო კომპანიების ჩართულობა და ახალ ინიციატივებზე შეთანხმება იყო.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სრულდება პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა.

"ჩვენ ვასრულებთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან პაკეტზე, რომელსაც მთავრობას შევთავაზებთ ჩვენ და ეკონომიკის სამინისტრო, იმისთვის, რომ ჩვენმა გლეხებმა, ფერმერებმა, კერძო პირებმა შეძლონ, უფრო მარტივად დაირეგისტრირონ ის მიწები, რომელთაც აქამდე საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან, თუნდაც, საფასურების გამო ვერ ირეგისტრირებდენ.

ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორი აზომვითი ნახაზი. ჩვენ ვიცით, რომ ამზომველები, რომლებიც ამ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორები უნდა იყვნენ, დღეს, სამწუხაროდ, ზომავენ მიწას სხვადასხვა ხელსაწყოთი, ზოგი ტელეფონით, რაც მაინცდამაინც მისაღები არ არის, ზოგი ძველებური მოწყობილობებით, ზოგი ე.წ. ჯიპიესით, იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს სურს შეიქმნას ერთიანი სტანდარტი ამზომველებთან ერთად და ამიტომ დღეს საქართველოს რეგიონებიდან მიიწვიეს 300-ზე მეტი ამზომველი.

"მათთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, რამდენი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადავიარაღდეთ; იმისთვის, რომ საფასურები გახდეს გონივრული. ზოგიერთი ამზომველი 20 ლარს ართმევს ჩვენს გლეხს, ზოგიერთი კი 500-ს. ეს ძალიან დიდი ტვირთია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.