საგადასახადო შეღავათი ყველა იმ მაღალმთიან დასახლებაზე გავრცელდება, რომელსაც აღნიშნული სტატუსი ძველი კანონით ჰქონდა მინიჭებული

ტყიბულის გარდა, ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ძველი კანონით ჰქონდა მინიჭებული, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული სტატუსის მოთხოვნებს ახალი კანონით ვერ აკმაყოფილებს, საგადასახადო შეღავათი შეუნარჩუნდება. საუბარია დემოგრაფიული მხარდაჭერის მატარებელ საგადასახადო შეღავათზე, რომელიც თავის მხრივ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას უკავშირდება.

ამასთან დაკავშირებით განმარტებები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაკეთდა, სადაც საკითხს დაჩქარებული წესით იხილავენ.

როგორც თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საუბარია არა მხოლოდ იმ 1600 დასახლებულ პუნქტზე, რომელსაც ახალი კანონის შესაბამისად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, არამედ საუბარია დამატებით ყველა იმ დასახლებულ პუნქტზე, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ძველი კანონით ჰქონდა მინიჭებული.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი "მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ" კანონით მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. მათთვის 2016 წლის 1 იანვარამდე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები კვლავაც განაგრძობს მოქმედებას. კერძოდ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი სამი ან მეტი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი 50%-ით უმცირდება.

"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს გუშინ წარედგინა. პროექტის ავტორი და ინიციატორი არიან დეპუტატები: გია ვოლკი, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.