აპრილიდან ბაზარზე ქართული წარმოების LED ტელევიზორები გამოჩნდება

ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია AG TELECOM-ი ტელევიზორების წარმოებას იწყებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, ქართული ტელევიზორები ბაზარზე აპრილის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება. პირველ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს ორი სახის პროდუქციას შესთავაზებს. 32 და 40-ინჩიანი LED ტელევიზორები ბაზარზე კონკურენციას იმპორტირებულს გაუწევს.

,,პროექტზე მუშაობა 6 თვის წინ დაიწყო. იდეა საკმაოდ დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა და მის დახვეწას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა. საცდელი პლატები უკვე დამზადებულია და ვფიქრობ, ხარისხით სხვა კომპანიებს არ ჩამოუვარდება”, - აღნიშნავს AG TELECOM -ის დირექტორი მიხეილ ღლონტი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართული წარმოების ტელევიზორების ფასი იმპორტირებულებთან შედარებით, ნაკლები იქნება. ზუსტი საბაზრო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 32-ინჩიანი ტელევიზორის ფასი დაახლოებით 195 დოლარი, 40-ინჩიანის კი 300 დოლარი იქნება.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია 300 ათასი დოლარია. AG TELECOM-ის ქარხნის მშენებლობა 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად დაიწყო.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე