მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს

უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" განაცხადა, სადაც ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

"გეგმის მიხედვით, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის უპირველეს ყოვლისა ახალი ლოგისტიკური კავშირების განვითარება ევროპასთან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პოტენციალის სრულად ათვისება.

"ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში", - აღნიშნა პრემიერმა.