"ფარმაცევტული ბაზარი მეტ რეგულირებას საჭიროებს"

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე და მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობაზე ვესაუბრებით "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას" პრეზიდენტს, შოთა გულბანს.

- როგორ შეაფასებთ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს, რომელიც ბოლო დროს, როგორც სიახლეებით, ასევე საკმაოდ დაძაბული მდგომარეობით და ერთგვარი მოლოდინის რეჟიმით ხასიათდება მედიკამენტებზე ფასების შემცირების კუთხით?

- ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა დღემდე სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული სოციალური პრობლემაა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეგისტრირებულია სოციალური დახმარების მიმღებად, ხოლო პენსიონერთა შემოსავლის უდიდესი ნაწილი იხარჯება სწორედ მედიკამენტების შესყიდვაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთი მხრივ მედიკამენტებზე მოთხოვნა მზარდია, ხოლო მეორე მხრივ ფასები მუდმივად წარმოადგენს განხილვის და მსჯელობის საგანს. თუმცა, ფაქტი ერთია და მრავალი გამოკვლევით დადასტურებული, რომ ის შეუსაბამოა ქართველი, სოციალურად მოწყვლადი მომხმარებლის შემოსავლებთან. სამწუხაროდ, საქართველოს არცერთმა მთავრობამ ეს პრობლემა სათანადოდ არ აღიქვა და დღეს სახეზე გვაქვს ფარმაცევტული ბაზრის სტრუქტურა, რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე ბრენდული სააფთიაქო ქსელით, მრავალი წვრილი, არაბრენდირებული აფთიაქით, ასევე მრავალი საერთაშორისო მომწოდებლით, რაც, როგორც წესი, კონკურენტული გარემოს არსებობის საფუძველი უნდა იყოს, თუმცა, პარადოქსულია, მაგრამ პირიქით ხდება, - ძირითად სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტებზე ფასებს შორის სხვაობა რამოდენიმე თეთრია და ბაზრის დანარჩენი მოთამაშეებიც საფასო პოლიტიკას ბაზრის ბრენდულ აფთიაქებში არსებულ ფასებს უსადაგებენ. ეს პროცესი კი უკვე მრვალი წელია გრძელდება და ჩვენ ვერ ვხედავთ მედიკამენტებზე ფასების შემცირებას. ვინაიდან მომხმარებელი უძლურია მედიკამენტებზე უსამართლოდ გაბერილი ფასების წინააღმდეგ. საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა სხვადასხვა მექანიზმებით.

- რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ფასები შემცირდეს?

- როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს როლზე ამ პროცესში, უნდა გავითვალისწინოთ ორი მიმართულება. პირველი, ეს არის ბაზარზე რეგულაციების დაწესება, ხოლო მეორე ბაზრის დვერსიფიცირება და იმგვარი კონკურენტული გარემოს ფორმირება, სადაც ბაზრის მოთამაშეები იძულებულნი იქნებიან, რომ მომხმარებლების გადასაბირებლად ფასები მნიშვნელოვნად შეამცირონ. პირველი მიმართულებით თუ განვავითარებთ მსჯელობას, შეგვიძლია გავითვალისწინოთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიაში აუცილებელია მთავრობამ დააწესოს წამლის საბაზრო ფასი, იმ შემთხვევაში თუკი ფასები იზრდება, აუცილებელია მთავრობის თანხმობა. დიდ ბრიტანეთში წამალზე ფასის ზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ფირმის მოგება დაბანდებულ ინვესტიციაზე მცირეა. კანადაში ფუნქციონირებს სპეციალური სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული საბაზრო ფასების ობიექტურად დადგენას და კიდევ სხვა მრავალი მაგალითი არსებობს. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე კი, როგორც ჩანს, მთავრობა მეორე მიმართულებით წავიდა, ანუ შემოიყვანა მხსვილი ინვესტორი, ავსტრიული კომპანია, დიდი ფინანსური რესურსით - Humanity Holding GmbH, რომელმაც საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით დააფუძნა ფარმაცევტული კომპანია `ჰუმანითი ჯორჯია~. მის მიერ შემოტანილ მედიკამენტებს უკვე შევხვდებით აფთიაქების დახლებზე, რომლებიც დღეს არსებულ ყველაზე დაბალფასიან ანალოგთან შედარებით დაახლოებით 30%-ით იაფადაა წარმოდგენილი და სხვა მოთამაშეებსაც ირიბად უბიძგებს, რომ მათაც შეამცირონ ფასები.

განაგრძეთ კითხვა

სანდრო ბეგლარიშვილი

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"