ბინ ლადენმა 29 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დატოვა

"ალ-ქაიდას" ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა სიკვდილის შემდეგ 29 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დატოვა.ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, მისი ანდერძიდან ირკვევა. მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ანდერძის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. იგი აშშ-ის მიერ პაკისტანში ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს ამოიღეს.

როგორც ანდერძშია აღნიშნული, ბინ ლადენი მოუწოდებს თავის ოჯახს "დაემორჩილონ მის ანდერძს" და მისი დანატოვარი "ჯიჰადს ალაჰის სახელით გადასცენ". როგორც ის აღნიშნავს, მისი ქონება სუდანში იყო, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული ის ნაღდი თუ აქტივების სახით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბინ ლადენი სუდანში 1990-იან წლებში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ქონების გარდა, ანდერძში ბინ ლადენი ამერიკელებს მოუწოდებს, იბრძოლონ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ "კაცობრიობის გადარჩენისთვის". ის ასევე საუბრობს დასავლეთის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე და აშშ-ის სამხედრო კამპანიაზე ავღანეთში.

"მათ ეგონათ, რომ ომი მარტივი იქნებოდა და ისინი მიაღწევდნენ მიზანს რამდენიმე დღეში ან კვირაში. ჩვენ გვჭირდება მოთმინება. მოთმინებით კი, გამარჯვება მოვა", - წერს ბინ ლადენი თავის ანდერძში.

"ალ-ქაიდას" ლიდერი აშშ სპეცსამსახურებმა 2011 წლის მაისში პაკისტანში საკუთარ სახლში მოკლეს. მას შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორისტულ დაჯგუფებას აიმან ალ-ზავაჰირი უდგას სათავეში.