„საბანკო გარანტიების არაპროპორციულად გამოყენებს გამო, ბიზნესმენები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სულ უფრო სარისკო გახდა.

ოცნების ხელისუფლება “წარმატებით” აგრძელებს ნაციონალური ხელისუფლების დროს დანერგილ მავნე პრაქტიკას, როდესაც უმნიშვნელო გადაცდომის გამო, სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს არა მხოლოდ ხელშეკრულებას უწყვეტდნენ, არამედ საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილ შეუსაბამოდ მაღალ საჯარიმო სანქციებსაც არიცხავენ და პრაქტიკულად აკოტრებდნენ. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ სახელმწიფოს რომელიმე დაინტერესებულმა ჩინოვნიკმა ტენდერში გამარჯვებულ ბიზნესმენს უმნიშვნელო მიზეზით სპეციალურად შეუწყვიტოს ხელშეკრულება, რათა შემდეგ ეს პროექტი მათთვის სასურველ კომპანიას ან სულაც ინდმეწარმეს უკვე პირდაპირი წესით გადასცეს. არის თუ არა ამ სქემების უკან სახელმწიფო მოხელეთა კორუფციული ინტერესები და უწყობენ თუ არა ხელს ბანკები ტენდერში გამარჯვებული მეწარმეების გაკოტრებას, აღნიშნული საკითხის თაობაზე ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც “თბილსერვისჯგუფში” არსებულ შესაძლო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოგვაწოდა.

- ბატონო ამირან, რა არის საბანკო გარანტიის მიზანი და რამდენად კანონიერად ხდება მისი გამოყენება სახელმწიფო კომპანიების მიერ. რეალურად ემსახურება თუ არა საბანკო გარანტიები ტენდერით აღებული ვალდებულებების შესრულებას, თუ ხდება მისი დასჯის ინსტრუმენტად გამოყენება მცირე მეწარმეების წინააღმდეგ?

- საბანკო ან გნებავთ სადაზღვევო გარანტიის მიზანი, არის პირის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. მაგალითად, თუ მე ვიღებ ვალდებულებას, რომ გზის რემონტს დავასრულებ 10 დღეში და ეს ვერ მოვახერხე დადგენილ ვადაში, თქვენ შეგიძლიათ დამაჯარიმოთ, ხოლო ჯარიმის გადახდა ჩემს მიერ თქვენს სასარგებლოდ უზრუნველყოფილია საბანკო გარანტიით. ასე რომ, საკითხი ამ მხრივ ძალიან მარტივია. თუ ვერ შეასრულებ ვალდებულებას, მაშინ კეთილი ინებე და ჯარიმა გადაიხადე, მაგრამ ეშმაკი როგორც იტყვიან, დეტალებშია. ვგულისხმობ იმას, რომ გააჩნია რა მოცულობისაა ეს საჯარიმო სანქცია, ანუ რამდენად არის დაცული სამართლიანობის და პროპორციულობის პრინციპი. მაგალითად მე გზის დაგება მოვახერხე არა 10 დღეში, არამედ მე-11 დღეს. თქვენ არსებითად ამით არც არაფერი დაგიშავდათ, ანუ ზიანი არ მოგადგათ, მაგრამ მე მახდევინებთ ჯარიმას, რომლის ოდენობაც არის ხელშეკრულების მთლიანი ფასი, გამოდის, რომ უმნიშვნელო, არაარსებითი გადაცდომის გამო, მე არათუ მოგებას ვერ წავიღებ სახლში, არამედ აქეთ ვიხდი ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას, რომელშიც ჩემი მოგებაც იყო ჩადებული და გასაწევი ხარჯიც. რაც იმას ნიშნავს, რომ სახლიდან უნდა მოვიტანო ფული. სწორედ ასეთი მიდგომაა დღეს სახელმწიფო ტენდერების უდიდეს ნაწილში, რის გამოც პირველ რიგში ზარალდებიან ისევ ჩვენი მოქალაქეები, ის ბიზნესმენები, რომლებიც საბანკო გარანტიების არაპროპორციულად გამოყენებს გამო უმძიმეს ფინანასურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

- კონკრეტულად შეგიძლიათ საბანკო გარანტიის ასეთი სახით გამოყენების რომელიმე შემთხვევაზე გვითხრათ და რატომ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამის უკან კორუფციული ინტერესები იდგეს?

- მე მხოლოდ ფაქტებს მოგაწვდით, დასკვნები თავად გააკეთეთ. მე ვიცავ კომპანია „ნენე“-ს ინტერებს, რომელმაც თბილსერვისჯგუფის ხელმძღვანელობის აშკარად დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა და სულ რამდენიმე დღის წინ არარსებული ზიანის გამო 78 900 ლარის გადახდა მოუწია. ჩემმა კლიენტმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში, რომლის თანახმადაც შპს „ნენეს“ უნდა მიეწოდებინა შპს „თბილსერვისჯგუფისთვის“ ტექნიკური მარილი ზამთრის სეზონისათვის. სხვადასხვა მიზეზების გამო, შპს „ნენემ“ მხოლოდ ერთი დღის დაგვიანებით მოახერხა პროდუქციის მიწოდება „თბილსერვისჯგუფისთვის“, თუმცა ამ უკანასკნელმა იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება და დააჯარიმა კომპანია „ნენე“ საბანკო გარანტიის სრული თანხით 78 900 ლარით. ამავე დროს, ასე სასწრაფო წესით ხელშეკრულების შეწყვეტა „თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობამ განმარტა იმ გარემოებით, რომ ახლოვდებოდა ზამთრის სეზონი და საჭირო იყო ქალაქის ტექნიკური მარილით მომარაგება, რაშიც ცხადია ჩვენც ვეთანხმებით. მაგრამ ლაპარაკია სულ რაღაც ერთი დღით დაგვიანებაზე. „თბილსერვისჯგუფმა“ კი გააფორმა ახალი ხელშეკერულება პირდაპირი გზით ერთ-ერთ ინდმეწარმესთან, რომელსაც უკვე თითქმის ორი კვრის შემდეგ უნდა შემოეტანა ტექნიკური მარილი. ცხადია, რომ თუ საკითხი ესეთი სასწრაფო იყო და არ ითმენდა ერთი დღის პატიებასაც კი, მაშინ როგორ მოხდა ისე, რომ სხვა ინდმეწარმეს პირდაპირი მოლაპარაკების გზით მიეცა საშუალება ორი კვირის შემდეგ მიეწოდებინა ტექნიკური მარილი. ხომ აშკარაა, მინიმუმ არათანაბარი დამოკიდებულება მეწარმეების მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არც ქალაქს და არც „თბილსერვისჯგუფს“ რეალურად არანაირი ზიანი არ მიდგომია, თუმცა „ნენეს“ შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმის გადახდა მოუწია. იგივე შემთხვევაა მეორე კომპანია ვი ქომთან მიმართებაში, რომელსაც თბილსერვისჯგუფმა 45 000 ლარზე მეტი გადაახდევინა. ამავე დროს არსებობს ინფორმაცია უამრავი შეუსრულებელი ტენდერის შესახებ, სადაც სახელმწიფოს ნამდვილად ადგება ზიანი, მაგრამ იმ კომპანიების მიმართ კონკრეტული უწყებები და ჩინოვნიკები განსაკუთრებულ ლოიალობას იჩენენ. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

- რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გასაგებია, რომ მეწარმეები ზარალდებიან, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს სახელმწიფოს ინტერესი სატენდერო პირობების შესასრულებლად, როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ არც მეწარმე დაზარლდეს და ტენდერით ნაკისრი ვალდებულებებიც ჯეროვნად შესრულდეს?

- გამოსავალი არის თანაზომიერების პრინციპში. სამართლის ენაზე ამას პროპორციულობისა და ადეკვატურობის ტესტი ეწოდება. გასაგებია, რომ არსებობს საჯარო ინტერესი და ყველა მეწარმემ პირნათლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე საჯარო ინტერესია ბიზნესის წახალისება და ხელშეწყობა. საბანკო გარანტია თავისი ბუნებით არის ხელშეკრულების უზრუნველყოფის პირობა, ანუ შემაკავებელი ფუნქცია აქვს. შესაბამისად, მისი გამოყენება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ემსახურებოდეს არა ბიზნესმენის დასჯას და გაკოტრებას, არამედ სწორედ საჯარო ინტერესების მაქსიმალურად დაცვას. დღეს ტენდერები, განაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე არის დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. მერწმუნეთ, როდესაც სახლმწიფო ბიზნესმენს მიუდგება არა როგორც ინსტრუმენტს, არამედ როგორც პარტნიორს, ვალდებულებებიც უკეთ შესრულდება და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური გარემოც უფრო სწრაფად გამოსწორდება.