გაზით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა - რა უნდა გავითვალისწინოთ გაზის გამათბობელის დაყენებისას?

საქართველოში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ან გაგუდვის შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, მაჩვენებელი მაღალია. პრობლემა უკვე წლებია პრობლემად რჩება, ამაზე პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, დედაქალაქში 2016 წლის იანვარში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 713 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2015 წლის იანვარში მსგავსი 683 შემთხვევა იყო.

რაც შეეხება თებერვლის თვეს, მოწოდებული მონაცემით, 2016 წლის თებერვალში ამ მაჩვენებელმა 730-ს მიაღწია. 2015 წლის თებერვალში კი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 578 შემთხვევა დაფიქსირდა.

რამ გამოიწვია გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირება?

კომპანია "ყაზტრანსგაზის" ვებგვერდზე უსაფრთოების წესების განმარტებაში წერია, რომ წესების დარღვევაზე, მათ შორის გაზის მოწყობილობების არასწორ ექსპლუატაციაზე - კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის და მოქალაქეებს აკისრებს.

რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ფატალური შედეგი და როგორ ავარჩიოთ ბუნებრივი აირის გამათბობელი ALLNEWS.GE ენერგეტიკოსს, გია არაბიძეს ესაუბრა.

- გაზით გაგუდვის უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ საქართველოში ყველაზე ხშირად მოსახლეობა წვის შედეგად გამოყოფილი გაზით იგუდება, ანუ იმით, რაც ოთახში ბუნებრივი აირის მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის გამო რჩება.

- ტექნიკურ გაუმართაობაში კონკრეტულად რა იგულისხმება?

- სრულყოფილად არ ხდება გარედან ჰაერის შემოტანა და წვის ნაწარმის გარეთ გატანა, ეს არის პირველი ტექნიკური პირობა, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ეს პროცესი რომ ირღვევა, იმიტომ ხდება ტრაგედიები. ამას გარდა მნიშვნელოვანია გამათბობლის ტიპი.

არსებობს ე.წ. ღია გამათბობელი, რომელიც წვისათვის ჰაერს ოთახიდან მოიხმარს და წვის ნაწარმსაც ოთახშივე გამოყოფს. მთელი რიგი გამათბობლები ამ პრინციპით მუშაობს. აქვე ვაწყდებით მეორე პრობლემასაც, თუ ოთახი დახურულია და არ ნიავდება, ამ დროს ხდება დახურულ ოთახში არსებული ჰაერის მთლიანად წვისათვის გამოყენება და ჰაერის ნაცვლად ოთახი ნახშიროჟანგით ივსება.

- რომელი უფრო საშიშია გაზის გამათბობელი თუ წყლის გამაცხელებელი, რომელიც ბუნებრივ აირს იყენებს?

- წყლის გამაცხელებელი დროის ერთეულში დიდი რაოდენობით გაზს მოიხმარს და დიდი რაოდენობით წვის ნაწარმს გამოაფრქვევს. გააჩნია სად აყენია, თუ ის აყენია აბაზანაში, ეს ყველაზე ცუდი შემთხვევაა. რადგან აბაზანაში ბანაობის დროს წყლის ორთქლიც გამოიყოფა და მდგომარეობას ამძიმებს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ დახურულ სივრცეში. უმჯობესია დავაყენოთ სამზარეულოში და სარკმელი გვქონდეს ღია. რაც შეეხება გამათბობელს, ნებისმიერი გამათბობელი იქნება უსაფრთხო, თუ მას წესების შესაბამისად დავაყენებთ.

განაგრძეთ კითხვა

თეა ბეჟიტაშვილი