სემეკი "სართიჭალა გაზის" მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგებისათვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სს "სართიჭალა გაზისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, სს "სართიჭალა გაზს" სს "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის" მიმართ ბუნებრივი გაზის საფასურის დიდი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა, სს "სართიჭალა გაზისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გახდეს.

"კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა სს "სართიჭალა გაზის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უწყვეტ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით. გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ კომპანიებს შორის არსებული დავის გამო და არ მოხდეს მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა", - აცხადებენ სემეკში.