ბორჯომში თებერვალში სოციალურ პროგრამებზე 122 780 ლარი დაიხარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, თებერვლის თვის მონაცემებით, სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის 122 780 ლარი გახარჯა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, აღნიშნული თანხით, გამგეობამ და საკრებულომ ჯამში თანადგომა გაუწია 527 ბენეფიციარს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 335 მოქალაქე 68 144 ლარით დაფინანსდა.

გამგებლის განმარტებით, 2016 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კიდევ ერთი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს შშმ სტატუსის მქონე ენცელოპათიით, პარკინსონის დაავადების რიგიდული ფორმით და 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეებისათვის კვარტალურად 100 ლარის მედიკამენტებით დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვიურ და ერთჯერად დახმარებებს გასცემს 4 და მეტ შვილიან ოჯახებზე, შშმ პირებზე, გამოჩენილ ადამიანებზე, ახალდაქორწინებულებზე, ახალშობილებზე, 100 წელს გადაცილებულ პირებზე, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე.

მუნიციპალიტეტი თანადგომას უცხადებს ასევე დიალიზზე მყოფ პაციენტებს. ადგილობრივი ხელისუფლება ბენეფიციარებს მედიკამენტების შესყიდვაში ყოველთვიურად 50 ლარით ეხმარება. ამასთანავე მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიერ სახელმწიფო პროგრამის სარგებლობისას დარჩენილი თანხის ანაზღაურებას.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე 192 მოქალაქის დასახმარებლად 54 636 ლარი გასცა.