ენერგოომბუდსმენი სართიჭალაში ბუნებრივი გაზის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრას მოითხოვს

ენერგოომბუდსმენი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება სართიჭალაში ბუნებრივი გაზის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრისთვის.

როგორც ენერგოომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 მარტიდან "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" დავალიანების გადაუხდელობის გამო "სართიჭალა გაზს" ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. "სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" ამასთანავე აფრთხილებს სს "სართიჭალა გაზის" განაწილების არეალში არსებულ მომხმარებლებს, გაითვალისწინონ ბუნებრივი გაზის შეწყვეტის გარემოებები.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი (მიმწოდებელი) ვალდებულია უზრუნველყოს "მომხმარებლების შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად."

ენერგოომბუდსმენს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების გამო, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სს "სართიჭალა გაზის" განაწილების არეალში არსებული მომხმარებლების ბუნებრივი გაზით სტაბილურ მომარაგებას.

"გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოგმართავთ რეკომენდაციით, გაატაროთ ყველა აუცილებელი ღონისძიება სართიჭალაში ბუნებრივი გაზის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ბუნებრივი გაზით უწყვეტად მომარაგების მიზნით", - აცხადებს ენერეგოომბუდსმენი.