ფინანსთა მინისტრის მოადგილე USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დღეს USAID-ის პროექტის, "მმართველობა განვითარებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სწორედ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით დაფინანსდა ის კვლევები, რომელიც მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ესტონელი ექსპერტი, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად ჩართული იყო კანონპროექტის მომზადებაში. შეხვედრაზე განიხილეს ის გამოცდილება, რომელიც ესტონეთში რეფორმის დაწყებას და მის განხორციელებას უკავშირდებოდა.

"დღეს გაიმართა შეხვედრა ჩვენს დონორ ორგანიზაციასთან, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული და აფინანსებდა იმ კვლევებს, რომელიც ჩატარდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით. ასევე ვუმასპინძლეთ ესტონელ ექსპერტს, რომელიც მონაწილეობდა აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებასა და რეკომენდაციების მომზადებაში. ამჟამად, მასთან ერთად ვიხილავთ უკვე მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც გამოქვეყნებულია "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე და ვმსჯელობთ იმ შენიშვნებსა და წინადადებებზე, რომელიც ამ პერიოდში გამოითქვა ბიზნესის მხრიდან, რათა პარლამენტში მოხდეს უკვე სრულყოფილი კანონის მიღება", – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" ხელმძღვანელის მაილო სტევანოვიჩის განცხადებით, "მმართველობა განვითარებისთვის" პროექტმა ქართველ კოლეგებს ტექნიკური დახმარება გაუწია.

"ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ფინანსთა სამინისტროსთან. "მმართველობა განვითარებისთვის" პროექტმა ტექნიკური დახმარება გაუწია ქართველ კოლეგებს. როგორც ცნობილია, საქართველოს საგადასახადო რეფორმაში ხდება ესტონური მოდელის გადმოტანა, სწორედ ამიტომ, ჩვენმა პროექტმა მოიწვია ესტონელი ექსპერტი, რომელმაც ქართულ მხარეს რეკომენდაციები გაუწია. ჩვენი დახმარებით ასევე მომზადდა, "რეგულაციების გავლენის შეფასების" დოკუმენტი, რომელიც ვფიქრობ, ქართულ მხარეს დაეხმარება, გაანალიზოს ის შედეგები, რომელიც აღნიშნული რეფორმის განხორციელებას უკავშირდება," - განაცხადა მაილო სტევანოვიჩმა.

საგადასახადო კანონმდებლობაში განსახორციელებელ რეფორმას ფინანსთა სამინისტრო ასევე აქტიურად აცნობს ბიზნესსექტორს.