გიორგი ჩოგოვაძე ვარაუდობს, რომ ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩოგოვაძემ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდის კომენტირებისას აღნიშნა.

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში დინამიურად იზრდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ დადებითი და პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბება საერთაშორისო ვიზიტების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის", - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

ცნობისთვის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, სტატისტიკური მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა.