ზურაბ ჯაფარიძე - ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია

ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, - ამის შესახებ "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა იანვარში 0.8%-ია.

"ეკონომიკური ზრდის ტემპი პრაქტიკულად 0-მდე ჩამოვიდა. ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია. თუ ნახავთ 2015 წლის ზრდას, ეს არის 2.8%. ხშირად საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენ რეგიონში ყველაზე კარგი ზრდა გვაქვსო, არც ეს არის სიმართლე. თუ ნახავთ სომხეთს, წინასწარი მონაცემებით, ჩვენზე უკეთესი ზრდა აქვს. იანვარში ექსპორტი -22%-ია, ხოლო იმპორტი -25%, საგარეო ვაჭრობა შემცირებულია 24%-ით. ახლად დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, -18%-ია. ანუ ადამიანები ბიზნესს აღარ იწყებენ საერთოდ ამ ქვეყანაში. ფასები იანვარში საშუალოდ 5.6%-ით გაიზარდა. ლარს რაც დაემართა, ფაქტობრივად, ყველა ოჯახმა განიცადა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისვე თქმით, ამ ვითარებში ხელისუფლება ხარჯავს იმაზე მეტ ფულს, ვიდრე ეკონომიკა ამის საშუალებას იძლევა.

"ამ დროს თუ ნახავთ რას აკეთებს ხელისუფლება, თებერვალში თითქმის 200 მილიონი ლარით მეტი გადასახდელია გაშვებული ხაზინიდან, ვიდრე შემოსულობაა მიღებული, ანუ ვხარჯავთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე ეკონომიკა იძლევა ამის საშუალებას. ჯერჯერობით არსებობს ნაშთი, რომელსაც მთავრობა იყენებს, მაგრამ როდესაც ის ამოიწურება, შემდეგ სეროიზული პრობლემების წინაშე დავდგებით. 2016 წლის იანვარ-თებერვალში 163 მილიონი ლარით ნაკლები შემოსულობებია მიღებული, 2015 წლის ანალოგიური მაჩვენებელთან შედარებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დეპუტატმა მთავრობას მოუწოდა, რომ ასეთი მიდგომებით ქვეყნის ეკონომიკას არ ეშველება და ეს ყველაფერი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას ურტყამს.

"ამ დროს რას აკეთებს მთავრობა, დავაანონსეთ რომ ეროვნული მარკეტინგული სააგენტო უნდა შევქმნათ და ეს გადაგვარჩენს. ახლა კიდევ რაღაც პროგრამა გამოცხადდა გუშინ "უმასპინძლე საქართველოში", მანამდე საუბარი იყოს ჩაის განვითარების პროგრამაზე, უფასო ხვნაზე, დანერგე მომავალზე, რომ რეკლამაზე ხმა უნდა ჩაეწიოს და ეს ყოფილა მთავარი პრობლემები. მე მაინტერესებს, რამდენი ხანი უნდა გავიდეს, რათა მიხვდეთ, რომ ასეთი მიდგომებით ქვეყნის ეკონომიკას არ ეშველება. როდის უნდა მიხვდეთ, რომ ასეთი მიდგომები პირდაპირ ურტყამს ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებას გადასახადების გაუქმებისკენ და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებისკენ მოუწოდა.