"საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ძალიან კარგად იკვებებიან"

"ქართული ღვინის სადღეგრძელო", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Wall Street Journal.

სტატიაში ბიომეღვინეობის ექსპერტი ელის ფაირინგი თავისი ახალი წიგნის შესახებ საუბრობს, რომელსაც ეწოდება "ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის კულტურაში".

"ბიომეღვნეობის ექსპერტი ელის ფაირინგი არც საქმეს უფრთხის და არც ემოციების შენიღბვა უცდია ოდესმე. ნიუ-იორკის მკვიდრი ექსპერტის ეს ორივე თვისება სრულად გამომჟღავნდა საქართველოში, რომელიც წარსულში რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა და ბევრი შემოსევა აქვს გადატანილი. ქალბატონი ფაირინგის ბოლო წიგნი "ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის კულტურაში" არის ნაწილობრივ ქართული ღვინის გზამკვლევი, ნაწილობრივ პოლემიკური ნაშრომი მეღვინეობის შესახებ და ნაწილობრივ მეგზური ქალბატონი ფაირინგის გულისკენ მიმავალ გზაზე.

ორშაბათს, პოტომაკ ბუქსის მიერ ამ წიგნის გამოცემამდე ერთი დღით ადრე, მე შევხვდი ქალბატონ ფაირინგს ბარ "ანფორაში" და ვესაუბრე წიგნის შესახებ. "ანფორა" არის ნიუ-იორკში არსებული ქართული ღვინის რამდენიმე ცენტრიდან ერთ-ერთი, რომელიც საოცრად ფართო ასორტიმენტს სთავაზობს სტუმრებს. "ანფორის" ერთ-ერთი კლიენტი, ღვინის მოყვარული დევიდ ფოსი ამბობს, რომ ბარში ხშირად დადის "ღვინის დამფასებელთა ჯგუფი" მხოლოდ იმისთვის, რომ ქართული ღვინო დააჭაშნიკოს", - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქალბატონმა ფაირინგმა შვიდჯერ იმოგზაურა საქართველოში.

"პირველი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2011 წელს, ის სიტყვით გამოვიდა ალავერდის მონასტერში ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე "ქვევრი". ქვევრი, ღვინის დასამზადებელი თიხის დიდი ჭურჭელი, რომელსაც ხშირად მიწაში მარხავდნენ, იყო ქართული მეღვინეობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, სანამ საბჭოთა ეპოქაში აქცენტი არ გაკეთდა მასობრივ ბაზარზე, კომერციულ ღვინოზე, რომელიც, როგორც წესი, ავზებში მზადდებოდა. დღეს კი ჩვენ ვართ ქვევრის აღორძინების მოწმენი, რომელიც, როგორც ქალბატონი ფაირინგის წიგნი გვამცნობს, იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

საქართველოში ქალბატონ ფაირინგს ხშირად ახლავს ენაწყლიანი მეგობარი და "ხოხბის ცრემლების" მფლობელი ჯონ ვურდემანი, რომელმაც ფაირინგს მრავალი დაუვიწყარი ქართული ღვინო და მეღვინე გააცნო", - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ "ქართველებს არ შეუძლიათ სტუმრის მიღება მრავალსაათიანი სუფრისა და სადღეგრძელოების გარეშე". "ძალიან ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ძალიან კარგად კი იკვებებიან", - აღნიშნავს ქალბატონი ფაირინგი.

სტატიის მიხედვით, წიგნში მოცემულია ბევრი კერძის რეცეპტი, რომლებიც ქალბატონმა ფაირინგმა დააგემოვნა, ხაჭაპურის ჩათვლით. "იმ დროს, როცა ქალბატონი ფაირინგი ქართული ღვინის ლაზათის შესახებ აღმოჩენებს აკეთებდა, მისი ძმა ენდრიუ კიბოთი კვდებოდა. ავტორი აღიარებს, რომ განიხილავდა წიგნიდან ენდრიუს ისტორიის ამოღების საკითხს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დატოვა, რადგანაც დაინახა პარალელები თავისი ძმის გასაჭირსა და მისი საყვარელი ქართველი მეღვინეების გასაჭირს შორის. ენდრიუ ფაირინგი გარდაიცვალა წიგნის დასრულებამდე. ის ნამდვილად იამაყებდა თავისი დის მიერ ქართული მეღვინეობის კულტურისა და ცხოვრების წესის აღმოჩენით და ამით გამოწვეული უდიდესი სიხარულით", - აღნიშნულია "უოლ სტრიტ ჯორნალის" სტატიაში.