სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობაზე გაცემული ნებართვა ბათილად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის ნებართვა, ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობაზე და ასევე, მერიის განკარგულება, სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ ბათილად ცნო. სასამართლომ დედაქალაქის მერიას საკითხი ხელახლა განსახილველად უკან დაუბრუნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოსარჩელე მხარის, ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენლებმა განუცხადეს.

როგორც "პარტიზანი მებაღეები" აღნიშნავენ, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბათილადაა ცნობილი თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება, ჭავჭავაძის გამზირზე #68-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მშენებლობის მიზნით, სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ და 2013 წლის 20 სექტემბრის, ამავე მისამართზე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა.

სასამართლო დავა დაახლოებით ორი წელი მიმდინარეობდა. მოსარჩელე მხარე "პარტიზანი მებაღეები", "მწვანე ალტერნატივა", ზურაბ ბაქრაძე და თემურ კალანდაძე ითხოვდნენ სასამართლოს დაედგინა სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის დასაშვებობა.