ბეჟუაშვილების ორმაგი თამაში - რატომ შეწყვიტეს მაღაროელებმა გაფიცვა

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროების მუშებმა 17-დღიანი გაფიცვა შეწყვიტეს.

მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც მაღაროების მფლობელი კომპანია "საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი" 1025 მუშას ხელფასს 5-10%-მდე გაუზრდის, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს.

მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროები ოფიციალურად, ძმების - დავით და გელა ბეჟუაშვილების კუთვნილი "საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის" საკუთრებაა. შესაბამისად, მაღაროელთა პრობლემები სწორედ პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილს უნდა მოეგვარებინა, თუმცა წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მილიარდერი დეპუტატი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იშვიათად, უფრო ზუსტად, თითქმის არ ჩნდება და დიდად არც პრესას სწყალობს. სამთავრობო კულუარებში ბევრს საუბრობენ, რომ მას შემდეგ, რაც დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა (პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, ის ამ პარტიის სახელით, თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ახლაცაა), ხელისუფლებაში ყველა პრობლემა "მოაგვარა".

როგორც ჩანს, ეს მოარული ხმები არც ისე უსაფუძვლოა, რადგან ორიოდე წლის წინ, გაზეთმა "ვერსიამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომლითაც საქართველოდან ელექტროენერგიის თურქეთში ტრანზიტს, სწორედ ბეჟუაშვილის კუთნვილი კომპანია ახორციელებს. "ინტერ რაოს" ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველო-თურქეთს შორის "ბორჩხა-ახალციხის" ურთიერთდამაკავშირებელი, 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა.

იხილეთ გაგრძელება