პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა. გვენეტაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. გვენეტაძეს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა.

კობა გვენეტაძის კანდიდატურა პლენარულ სხდომამდე განიხილეს საპარლამენტო კომიტეტებმა და ფრაქციებმა, რომლებმაც კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გიორგი ქადაგიძის უფლებამოვალეობის ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კობა გვენეტაძის კანდიდატურა 11 თებერვალს დაასახელა, რასაც წინ კანდიდატის რამდენიმეთვიანი შერჩევის პროცესი უძღოდა. საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული რამდენიმე კანდიდატიდან დაასახელა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის ფარგლებში 1998-2000 წლებში.

1989-1994 წლებში მან მოიპოვა ეკონომისტის კვალიფიკაცია, სპეციალობით ფინანსები და კრედიტი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.

სხვადასხვა დროს მის მოვალეობაში შედიოდა უფროსი ეკონომისტის ფუნქციები ერაყის საკითხებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი აზერბაიჯანში, ეკონომისტი ბაჰრეინის, ომანის, საუდის არაბეთისა და კატარის საკითხებში და ეკონომისტი აზერბაიჯანის საკითხებში.

კობა გვენეტაძე დღემდე არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომელი, თუმცა დროებით 2015 წლის ნოემბრიდან, მთავარი ეკონომისტის რანგში ხელმძღვანელობს მაკროკვლევების ჯგუფს საქართველოს ბანკის ჯგუფის კომპანია Galt and taggart-ში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას მთავრობის კანცელარიაში. მის ძირითად მოვალეობაში შედიოდა ეკონომიკურ საკითხებზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის საკითხები.

2000-2001 წლებში კობა გვენეტაძე იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მუშაობდა საშინაო და საგარეო ვალის საინვესტიციო პროექტების საკითხებზე;

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

1993-1996 წლებში კობა გვენეტაძე მუშაობდა გაზეთ "ივერია ექსპრესში" ეკონომიკურ მიმომხილველად.

კობა გვენეტაძეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი საინტერესო პუბლიკაცია, მათ შორის განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობის პერიოდში. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მისი მშობლიური ენა არის ქართული.