გიორგი აბაშიშვილი - კობა გვენეტაძის მხარდაჭერით პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას

კობა გვენეტაძის მხარდაჭერით პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის წარმატებით ფუნქციონირება საბჭოს წარმატებულ წევრებზეა დამოკიდებული.

"პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ამ გადაწყვეტილებით. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობას, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის წარმატებით ფუნქციონირება საბჭოს წარმატებულ წევრებზეა დამოკიდებული და ასეთი კანდიდატი იყო ნამდვილად ბატონი კობა გვენეტაძე", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაც ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაა.

"სამწუხაროდ, კობა გვენეტაძეს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთმა წევრმა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ პარტიის სახეს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებიდან. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი პარტია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი", - განაცხადა აბაშიშვილმა.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე გუშინ დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარა. გვენეტაძეს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარის და ამავე დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება თებერვლის ბოლოს ამოეწურა. კობა გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოების ფართო წრეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეარჩია.