კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევა საბჭოს გადასაწყვეტია

ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევა საბჭოს გადასაწყვეტია. მანვე პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა პარლამენტს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა დაეხმარება ეროვნული ბანკის საბჭოს ეფექტიანობის გაზრდას და ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაზრდას და ეფექტურად მუშაობას. რაც შეეხება პრეზიდენტად დასახელებას, ეს საბჭოს პრეროგატივაა", - განაცხადა გვენეტაძემ.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე გუშინ დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარა. გვენეტაძეს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარის და ამავე დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება თებერვლის ბოლოს ამოეწურა. კობა გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოების ფართო წრეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეარჩია.