ამართლებს თუ არა საქართველოში უმაღლეს განათლებაში ინვესტიციის ჩადება

საქართველოში ამჟამად სახელმწიფოს მიერ აღიარებული 57 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. მათგან 18 სახელმწიფო და 39 კი კერძო სასწავლებელია. მიუხედავად ფართო არჩევანისა, სტუდენტების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქართულ უნივერსიტეტში ჩადებული ინვესტიცია დაკარგული თანხაა და 4 წლის განმავლობაში სწავლის საფასურის სახით გადახდილი თანხის ამოღებას საშუალოდ 8 წელი მაინც სჭირდება.

იმის გასაგებად თუ რას ფიქრობენ სტუდენტები საქართველოში მდებარე უმაღლეს სასწავლებლებზე, ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.

თამარი (თეატრალური უნივერსიტეტი)

- დამთავრებული მაქვს თეატრალურ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი 2007 წელს. ფასიანზე ვსწავლობდი. იყო რამდენიმე კარგი ლექტორი, ვინც მოგვცა ისეთი განათლება, რაც დღემდე მადგება. მაგრამ ეს არ იყო ის განათლება, რაც უნდა მიიღოს სტუდენტმა და ეს არ არის ის ინვესტიცია, რომელიც გამართლებულად შეიძლება ჩავთვალო. არავინ არ გთხოვდა ლექციაზე სიარულს. უცნაური იყო ის, რომ ვსწავლობდი "პიარზე" და უფრო მეტად ჟურნალისტიკის საგნებს გვასწავლიდნენ. ახლა, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ ჩავაბარებდი არც ერთ უნივერსიტეტში, თანხას დავამატებდი და საზღვარგარეთ ვისწავლიდი. ამჟამად დასაქმებული არ ვარ.

მარიამი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც. ვფიქრობ, ბაკალავრიატზე ჰუმანიტარულმა ფაკულტეტმა ძალიან დიდი ცოდნა მომცა. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაკულტეტია თსუ-ში. თუმცა, იყო ადმინისტრაციული სახის პრობლემები, რომელთაც მოგვარება ესაჭიროებათ. რაც შეეხება მაგისტრატურის პერიოდს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ნამდვილად ღირდა ამ უნივერსიტეტში სწავლა. იმ სპეციალობებზე, რომლებიც მრავალი წელია არსებობს, ბევრად უკეთესი სწავლებაა, რადგან გამოცდილი და პროფესიონალი პროფესორები ასწავლიან. ახალ პროგრამებს რაც შეეხება, ვფიქრობ, დახვეწას საჭიროებს. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ჩემი ინვესტიცია გამართლებული იყო. ახლა თარჯიმნად ვმუშაობ და ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 700 ლარია.

განაგრძეთ კითხვა

მარიამ ლორთქიფანიძე