სავალუტო მაქინაციებით "ისლამური სახელმწიფო" 20 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს

სავალუტო მაქინაციების შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ყოველთვიურად 20 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავალს იღებს.

ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ დიდ ბრიტანეთში გასაჯაროებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანული მხარის ცნობით, სავალუტო ბაზარზე მაქინაციების განსახორციელებლად საჭირო ფინანსები ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2014 წლის ივნისში მიიღო, როცა ერაყის ქალაქ მოსულში მდებარე ცენტრალური ბანკი გაძარცვა. აღნიშნულ ბანკში 429 მილიონი აშშ დოლარი ინახებოდა.

სავალუტო სპეკულაციების შედეგად მიღებული თანხები იგზავნება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მუსლიმურ ქვეყნებში არსებული ფულადი გზავნილების არაფორმალური სისტემის საშუალებით, სახელწოდებით „ჰავალა“.

გასული წლის დეკემბერში ერაყის ცენტრალურმა ბანკმა 142 ორგანიზაციას სავალუტო აუქციონების ჩატარება აუკრძალა, რადგან ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, ამ ორგანიზაციებს „ისლამური სახელმწიფოს“ აგენტები ნაღდი ფულის მისაღებად იყენებდნენ.

დაჯგუფების შემოსავლის სხვა წყაროებად სახელდება კონტრაბანდული ნავთობით ვაჭრობა და გამოძალვა. გაერო-ს ცნობით, "შავი ოქროს" გაყიდვით ტერორისტულმა დაჯგუფებამ შარშან 400-500 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

პენტაგონის ცნობით, ტერორისტების კონტროლირებად ნავთობსტრუქტურაზე საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებმა ისლამისტების შემოსავალი 1/3-ით შეამცირა.